commercial-diplomacy

როგორი ქვეყანა უნდა იყოს საქართველო

"აწმყო — შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა" - ილია ჭავჭავაძე, მწერალი, პოლიტიკოსი.

შუა საუკუნეების ძლიერი საქართველო შეიქმნა დავით მეფის ლიბერალური რეფორმის შედეგად - ფეოდალების შეზღუდვით და უცხოელი ვაჭრებისთვის გადასახადებში შეღავათების დაწესებით. ფეოდალების შეზღუდვამ გააძლიერა ხალხის კერძო საკუთრების ფაქტორი, რამაც ხალხს მისცა სიმდიდრის დაგროვების საშუალება. შედეგად ქვეყანაში წარმოიქმნა საშუალო კლასი, რომელსაც გაუჩნდა ინტერესი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში თანამონაწილეობისა და უკვე თამარ მეფის დროს გაჩნდა "ისნის კარავის" (ქვედა პალატის)  იდეა. პირველი ორპალატიანი პარლამენტის სისტემა კი საუკუნის შემდეგ დიდ ბრიტანეთში  ჩამოყალიბდა.

“ქართულ ნიადაგზე უნდა მოხდეს ოქციდენტისა (დასავლეთი) და ორიენტის (აღმოსავლეთი) გაერთიანება, მათი ჰარმონიული შერწყმა”, - კონსტანტინე გამსახურდია, მწერალი.

შუა დერეფნის შესახებ მსოფლიო ბანკის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავარი ეკონომიკური ცენტრები უნდა გახდნენ შემდეგი ქალაქები - თბილისი, რუსთავი, გორი.

ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის - ტრასეკას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ჭრილში, საქართველოს უმთავრესი გამოწვევაა, მოახერხოს აზიის მბრძანებლურ-ადმინისტრაციული ეკონომიკის და ევროპის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ჰარმონიული შერწყმა. 26 საუკუნის წინ ამ საქმეს კოლხური თეთრი ემსახურებოდა, მაშინდელი ზარაფების და ქარვასლების მეშვეობით.

თანამედროვე კონტინენტურ ვაჭრობას, შესაბამისად მოწესრიგებული პლატფორმები ჭირდება. საფონდო, სასაქონლო, სავალუტო და სპეციალიზებული ბირჟები გადააქცევენ სწორედ მთავარ ეკონომიკურ ცენტრებად საქართველოს ქალაქებს. დამოუკიდებელი ბირჟები განაპირობებენ სამართლიან წესრიგს ევროპასა და აზიას შორის საქონლის, ვალუტებისა და ფასიანი ქაღალდების გაცვლაში, რასაც მოყვება კულტურათა გაცვლაც. სწორედ საქართველოს ქალაქებშია გვერდიგვერდ მდგარი ეკლესია, მეჩეთიც და სინაგოგაც. აქვე, ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის მონეტის ავერსზე და რევერსზეა გამოსახული ალაჰის და ქრისტეს სადიდებელი ერთად.

ადამიანის ორგანიზმს რომ შევადაროთ ეკონომიკა, რა ფუნქციასაც გული ასრულებს ადამიანისთვის, იგივე ფუნქციას ასრულებს ბანკი ეკონომიკისთვის. გული სისხლს აწვდის ორგანიზმს, ბანკი ფულს აწვდის ეკონომიკას. მაგრამ, ადამიანის ორგანიზმში ღვიძლი წარმოადგენს სისხლის ფილტრს, ხოლო ეკონომიკისთვის ფილტრის ფუნქციას ასრულებს საფონდო ბირჟა. ეკონომიკა ბირჟის გარეშე - ეს იგივეა ადამიანი ღვიძლის გარეშე.

გლობალური კაპიტალის გულია შვეიცარია. გლობალური კაპიტალის ღვიძლი - საქართველო.

სახელმწიფოსგან და ბანკებისგან დამოუკიდებელი ბირჟები საქართველოში ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები უნდა ფლობდნენ ეკონომიკური სიმძლავრეების - ნავსადგურების, რკინიგზების, ჰესების, აეროპორტების და დარგობრივი ინდუსტრიების  საკონტროლო პაკეტებს.

ევროპის წამყვანი ფინანსური ცენტრებია ლონდონი, დუბლინი, ჟენევა, ლუქსემბურგი, პარიზი, ამსტერდამი. ხოლო აზიაში - ჰონგ-კონგი, სინგაპური, შანხაი, შენჭენი, სეული, დუბაი. ოქციდენტისა და ორიენტის ფინანსურ ცენტრებს შორის არეალში სიცარიელეა. ეს სიცარიელე კოლხური თეთრის ქვეყანამ უნდა შეავსოს. აზიური და ევროპული კაპიტალის ჰარმონიულ შერწყმას კი პასუხისმგებელი ერთეული, საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი ჭირდება. ეს არის საქართველოს ფუნქცია.

"ძვირფასია დასავლეთი ევროპა, მაგრამ ევროპისათვის აღმოსავლეთს ვერ დავსთმობთ, უმჯობესი იქნება მათი ქორწილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ,“ - გრიგოლ რობაქიძე, მწერალი.

მეტი სიცხადისთვის, საერთაშორისო მულტიმოდალური სატრანზიტო პროექტის სახელწოდება "CASCA" უკავშირდება რეგიონულ სახელწოდებას - ცენტრალური აზია, სამხრეთ კავკასია და ანატოლია (Central Asia, South Caucasus and Anatolia). ინიციატივა, რომელიც აკავშირებს ორ ზღვას, რეალურად ემსახურება ყირგიზეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის რკინიგზების ერთობლივ მიზნებს და აყალიბებს მარშრუტის მრავალმოდალურობას.

საქართველოს საქმეა ცენტრალური აზია და ანატოლია, რობაქიძიესული ქართული ნადიმით ევროპულ ინვესტიციებს აზიაროს.

საქართველო აერთიანებს სატრანზიტო მარშრუტებს, გლობალურ სავაჭრო ზონებს და ეკონომიკურ დერეფნებს - TRACECA, CASCA, CAMCA, CAREC, LAPIS LAZULI, VIKINGTRAIN, GUAM (თითოეული პროგრამის შესახებ იხ. ვებ-გვერდზე:   traceca.ge).

"ეკონომიკური თავისუფლების გარეშე, ყოველგვარი თავისუფლება მიუღწევადია" - მარგარეტ ტეტჩერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

ევროკომისიამ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის განუსაზღვრა დეოლიგარქიზაციის რეკომენდაცია. რომლის მიზანი ქვეყნის განაწილებითი ეკონომიკიდან ლიბერალურ ეკონომიკაზე გადასვლაა. ეს სწორედ ისაა, რაც ჯერ კიდევ XII საუკუნეში დიდი დავითის დროს საქართველოდან დაიწყო.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს საბაზრო ეკონომიკამ უნდა შექმნას კეთილდღეობა, რომელიც მთავარი და მყარი საფუძველია საქართველოს დეოკუპაციის. გრძელვადიანი მიზანია უმოკლესი გზით დაუკავშირდეს აზია ევროპას. რაც გულისხმობს ქართველი ხალხის სააქციო კაპიტალის მონაწილეობით ახალი ენერგომატარებლების და რკინიგზების ინფრასტრუქტურას. და ეს უმოკლესი გზა გადის აფხაზეთსა და ყირიმზე.

დაბოლოს,

"კომერციულ საქმეს კომერციული ნიადაგი უნდა ჰქონდეს. ეკონომიკა აღარავის ახსოვს, ლამის გადავყვეთ ამ პოლიტიკას!’’- დავით სარაჯიშვილი, მრეწველი და ქველმოქმედი.


ზურაბ მაღრაძე, დოქტორი