commercial-diplomacy

სად და როდის გაჩნდა ``შუა დერეფანი``

2026-07-05

„შუა დერეფანი“ ჩამოყალიბდა ეტაპობრივად, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ტერმინი "შუა დერეფანი" არ გაჩენილა 2022 წლის შემდეგ და არც ჩინეთში. ყველაზე ძველი დადასტურებული წყაროები მიუთითებენ, რომ ის თურქეთის სტრატეგიულ დოკუმენტებში 2000-იანი წლების ბოლოს გაჩნდა.

1. 1990-იანი წლები — TRACECA

თანამედროვე კონცეფციის საფუძველი ჩაიყარა 1993 წელს, როდესაც ევროპის კავშირმა წამოიწყო TRACECA-ს ინიციატივა (ევროპა–კავკასია–აზიის სატრანსპორტო დერეფანი).

მისი მიზანი იყო:

● ევროპისა და ცენტრალური აზიის დაკავშირება;

● კავკასიის გავლით ახალი სავაჭრო მარშრუტის შექმნა;

● რუსეთის მარშრუტებზე დამოკიდებულების შემცირება.

2. 2000-იანი წლები — ინფრასტრუქტურის შექმნა

ამ პერიოდში აშენდა ან განვითარდა ისეთი პროექტები, როგორიცაა:

● ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენი;

● სამხრეთ კავკასიის გაზსადენი;

● მოგვიანებით — ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.

იმ დროს ტერმინი „შუა დერეფანი“  ფართოდ არ გამოიყენებოდა, თუმცა სწორედ ამ ინფრასტრუქტურამ შექმნა მისი საფუძველი.

3. 2013 წელი — ჩინეთის ინიციატივა

2013 წელს სი ძინპინმა გამოაცხადა ინიციატივა „სარტყელი და გზა“. ამის შემდეგ „შუა დერეფანი“ ერთ-ერთ ალტერნატიულ ევრაზიულ მარშრუტად განიხილებოდა:

● ჩრდილოეთის დერეფნის (რუსეთის გავლით) პარალელურად;

● სამხრეთის დერეფნის (ირანის გავლით) პარალელურად.

4. 2022 წლიდან — განსაკუთრებული მნიშვნელობა

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ რუსეთის გავლით ტრანზიტი შეამცირა. შედეგად:

● გაიზარდა ინტერესი შუა დერეფნის მიმართ;

● ევროკავშირმა, ცენტრალური აზიის ქვეყნებმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა დაიწყეს ამ მარშრუტის უფრო აქტიური განვითარება.

მრავალსახელმწიფოებრივი პროექტი

● TRACECA-ის ინიციატივა ძირითადად ევროკავშირიდან წამოვიდა.

● ჩინეთმა მოგვიანებით ეს მარშრუტი ჩართო Belt and Road-ის კონტექსტში.

● აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი და თურქეთი მას აქტიურად ავითარებდნენ როგორც საერთო სატრანსპორტო დერეფანს.

ამიტომ „შუა დერეფანი“ არის მრავალსახელმწიფოებრივი პროექტი, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მოთამაშემ განავითარა და რომლის მნიშვნელობა დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

რაც დადასტურებულია:

● ანალიტიკური კვლევები წერენ „თურქეთმა შუა დერეფნის კონცეფცია პირველად 2000-იანი წლების ბოლოს ჩამოაყალიბა.“ ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთმა მას ოფიციალურად უწოდა: ტრანსკასპიური აღმოსავლეთ — დასავლეთის შუა დერეფნის ინიციატივა.

● ანალიტიკური გამოცემა Turkey Analyst წერს: 2009 წელს თურქეთის მთავრობამ ჩამოაყალიბა კონცეფცია და დაიწყო ტერმინის "შუა დერეფანი" გამოყენება. თურქი ჟურნალისტი და საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსი T24-ის სტატიაში⁠ წერს: სახელწოდება „Orta Koridor“ 2009 წელს შემოიღო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი დონის დიპლომატმა მეჰმეთ ფათიჰ ჯეილანმა, რომელიც კურირებდა სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებას.

● 2013 წლის სექტემბერი — ჩინეთის ინიციატივის „სარტყელი და გზა" გამოცხადების შემდეგ ტერმინი უფრო ფართოდ იწყებს გამოყენებას საერთაშორისო ანალიტიკაში. 

● 2014 — მარშრუტის განვითარებას ახალი იმპულსი მისცა ტრანსყაზახური რკინიგზის გახსნამ. 

● 2015 წლის 14 ნოემბერს თურქეთმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც "შუა დერეფნის" ინიციატივას ჩინეთის ინიციატივასთან "სარტყელი და გზა" აკავშირებდა.

● 2017 — ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის ამოქმედების შემდეგ ტერმინი საერთაშორისო მედიაში ფართოდ დამკვიდრდა. 

ბ.თ. "შუა დერეფანი" არის თურქეთის მიერ პოლიტიკურად ფორმულირებული კონცეფცია, რომელიც ევროკავშირის ინფრასტრუქტურულ იდეებს დაეყრდნო და მოგვიანებით ჩინეთის სავაჭრო საჭიროებებმა მას გლობალური მნიშვნელობა მიანიჭა.

ზურაბ მაღრაძე, DBA


წყაროები:

● fpri.org;  ● indsr.org.tw;  ● mfa.gov.tr

 ● caspianpolicy.org;  ● turkeyanalyst.org

● t24.com.tr;  ● search.trdizin.gov.tr