commercial-diplomacy

რატომ ნიშნავს აღმოსავლეთ პარტნიორობა აბრეშუმის გზის აღდგენას

2026-04-30

აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) წარმოადგენს ევროპის კავშირის პროექტს, რომელიც მომზადდა პოლონეთისა და შვედეთის მიერ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინაუგურაცია შედგა პრაღაში, 2009 წლის 7 მაისს. პროექტში გაწევრიანდნენ ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპის 6 სახელმწიფო - უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. 2021 წლიდან ბელარუსმა შეაჩერა EaP-ის წევრობა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხრივ საერთო მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო.

ვინაიდან EaP წარმოადგენს ევროკავშირის პროექტს, დავაზუსტოთ თავად ევროკავშირის ძირითადი მიზანი და ამოცანები: ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკის მიზანია ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა ერთიან, შიდა ბაზარზე; იურისპრუდენციული კანონმდებლობისა და საშინაო საქმეების გამოცემა; საერთო პოლიტიკის შენარჩუნება ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობაში, თევზის რეწვასა და რეგიონულ განვითარებაში. ანუ სხვა სიტყვებით -  ევროკავშირი, ეს არის თავისუფალი ბაზრის სივრცე.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქონლის და კაპიტალის თავისუფალი ბაზარი არ ჩამოყალიბებულა, სადაც კომპანიები დამოუკიდებელ საფონდო ბირჟაზე დალისტული ფასიანი ქაღალდებით შეძლებდნენ ინვესტიციების მოზიდვას. არც ასევე დამოუკიდებელი სასაქონლო ბირჟები არ განვითარებულა, სადაც მწარმოებლები და ვაჭრები შეძლებდნენ სავაჭრო გარიგებების დადებას, სამართლიანი პირობებით. შესაბამისად, ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობით გასნაზღვრა სტრატეგია - თავისუფალი ბაზრის გაფართოება აღმოსავლეთით.

რისთვის ჭირდება ევროპას ღია და თავისუფალი საბაზრო წესრიგი აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში?

ვიდრე ამ კითხვას გავცემთ პასუხს, პარალელი უნდა გავავლოთ ევროკავშირის და სხვა დაკავშირებულ ინიციატივებზეც:

1. ტრასეკა (TRACECA), რომელიც ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანს გულისხმობს, აძლიერებს ევროკავშირის დაკავშირებადობას ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ტრასეკას პროექტში მონაწილეობს EaP-ის ხუთივე წევრი ქვეყანა.

2. სუამ-ი (GUAM) - დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციაა. დასახელება "სუამი" - მასში გაერთიანებულ ქვეყნების სახელების აკრონომია - საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა (EaP-ის ქვეყნები). 2022 წლის 20 სექტემბერს, სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 39-ე სხდომის ფარგლებში, ხელი მოეწერა ოქმს სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებისთვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თაობაზე და კონვენციას სუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა შორის საკონსულო საკითხებში ურთიერთდახმარების აღმოჩენის შესახებ. ოქმი ითვალისწინებს სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის კუმულაციური პრინციპის საფუძველზე თავისუფალ ვაჭრობას. კერძოდ, ის საშუალებას აძლევს სუამ-ის წევრ ქვეყნებს, გამოიყენონ ერთმანეთის ნედლეული, რის შედეგადაც პროდუქტს მიენიჭება იმ ქვეყანაში წარმოშობის სტატუსი, სადაც საბოლოო სახე მიიღო.

3. 2019 წლის მარტში, რუმინეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბუქარესტის დეკლარაციას კასპიის ზღვა – შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე. 2024 წელს თურქმენეთმა დაადასტურა თავისი განზრახვა მარშრუტის შექმნის შესახებ.

4.CAMCA
(Central Asia-Mongolia-Caucasus-Afghanistan) რეგიონალური ფორუმი, რომელიც შექმნილია რეგიონის 10 ქვეყანაში ეკონომიკური ზრდისა და განვითარების საშუალებების შესახებ დისკუსიების ხელშეწყობისთვის: ავღანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. ფორუმი ხელს უწყობს 10 ქვეყნის ყველა სექტორის მზარდ ლიდერებს შორის დიალოგისა და ურთიერთქმედების მხარდაჭერას, ასევე თანამშრომლობას საერთაშორისო ლიდერებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.

5. საკონტეინერო გადაზიდვების პროექტ “ვიკინგში” საწყის ეტაპზე მხოლოდ აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები იყვნენ ჩართული, კერძოდ: ლიეტუვა, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი და ბულგარეთი. ტვირთებს კლაიპედას (ლიეტუვა), ოდესისა და ჩორნომორსკის (უკრაინა) პორტები ემსახურებოდა. 2015-2016 წლებში მათ რიგებს საქართველო და აზერბაიჯანიც შეემატა. ამ გაფართოებამ კასპიის ზღვის აუზიდან სკანდინავიის ქვეყნებისკენ ტვირთების ტრანსპორტირების ახალი მარშრუტი გააჩინა.

6. არსებობს კიდევ სამხრეთ-დასავლეთის სატრანიზტო დერეფანი - ინდოეთიდან ირანის პორტების გავლით სომხეთამდე, ხოლო იქიდან საქართველოს შავი ზღვის პორტების გავლით ევროპისკენ.

7. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ტრანსკასპიური საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტი (შუა დერეფანი), რომლის დამფუძნებელი 3 ქვეყნიდან ორი  EaP-ის წევრი აზერბაიჯანი და საქართველოა. ხოლო მარშრუტი აერთიანებს 11 ქვეყანას, რომლის წევრი უკვე არის უკრაინაც. ცნობილი ფაქტია ევროკავშირის ინტერესი 12 მილიარდი ევროს ინვესტიციით, შუა აზიის კრიტიკული მინერალების წიაღისეულების ექსპლოატაციის შესახებ, რაც სწორედ შუა დერეფნის გავლით განხორციელდება.

8. შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის პროექტიც აზერბაიჯანიდან იწყება და საქართველოს გავლით უკავშირდება ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზრებს.

როგორც ჩამოთვლილი პროგრამებიდან ჩანს აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების გარეშე სატრანზიტო დერეფნები არ არსებობს. ევროკავშირს კი საპარტნიოროდ ჭირდება მყარი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნები, ღია და თავისუფალი ბაზრებით.

EaP-ის წევრი 5 ქვეყნიდან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო უკვე არიან ევროკავშირის ასპირანტი ქვეყნები. ამასთან, სომხეთში, 2026 წლის 4 მაისს გაიმართება "ევროპის პოლიტიკური გაერთიანების" (EPC) მე-8 სამიტი, ხოლო 4-5 მაისს - "ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი". ეს არის ისტორიული მოვლენა, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად განიხილავენ ქვეყნის ევროინტეგრაციის ახალ სტრატეგიულ დღის წესრიგს და ვიზალიბერალიზაციის საკითხებს.

აზიიდან ევროპაში ყველაზე მოკლე გზა გადის აფხაზეთსა და ყირიმზე. სწორედ ეს ადგილები აქვს მიტაცებული მოსკოვს, რაც აფერხებს აბრეშუმის გზას. ამიტომ ომობს უკრაინაში. ამიტომ უნდა უკრაინის მთლიანობის დარღვევა, საქართველოს მთლიანობის დარღვევა, რომ აბრეშუმის გზის აღდგენა არ დაუშვას. მაგრამ ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობა გარდაუვალად შედგება. ეს მძიმე და წინააღმდეგობებით სავსე პროცესია. აღმოსავლეთ პარტნიორობით აღდგენილ აბრეშუმის გზის წესრიგში, მოსკოვი გეოპოლიტიკური მოთამაშე ვეღარ იქნება.

დაბოლოს,
ბრექსიტის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერილი ინიციატივა: უსაფრთხოების ღერძი - ლონდონი, ვარშავა, კიევი; ლუბლინის სამკუთხედი ბალტიასთან; კვადრიგა თურქეთთან და ტრიო მოლდოვა-საქართველოსთან, აბრეშუმის გზის აღდგენის საქმეში ცალკე ქოლგაა, ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე ქვეყნებით. და ეს ინიციატივაც ნიშნავს ევროპის თავისუფალი ბაზრის გაფართოებას აღმოსავლეთით.

ავტორი: ზურაბ მაღრაძე