pylonology

ფასიანი ქაღალდების რეგულირების ევროპული მოდელები

2026-11-01

საქართველოსთვის დამოუკიდებელი ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის ან არსებული სისტემის რეფორმირების განხილვისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა ცენტრალური ბანკისგან ინსტიტუციურად დამოუკიდებელ ორგანოს აქვს მინდობილი.

წარმოგიდგენთ ევროპაში ასეთი მოდელის რამდენიმე საინტერესო მაგალითს: ესპანეთი, ბულგარეთი და საფრანგეთი.

მმართველობისა და ანგარიშვალდებულების მოდელები

ესპანეთი – CNMV

ფასიანი ქაღალდების ბაზრის ეროვნული კომისია CNMV (Comisión Nacional del Mercado de Valores) არის ესპანეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც ზედამხედველობს ფასიანი ქაღალდების ბაზარს და იცავს ინვესტორების ინტერესებს; უზრუნველყოფს ბაზარზე ინფორმაციის სისწორესა და ხელმისაწვდომობას; ხელს უწყობს ფასიანი ქაღალდების ფასების სწორად ფორმირებას; ასევე, ფინანსური ბაზრის უსაფრთხო და სამართლიან ფუნქციონირებას.

CNMV დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. კანონით გარანტირებული აქვს ორგანიზაციული და ფუნქციური ავტონომია. მის საქმიანობაში სახელმწიფო ორგანოებს ჩარევისა და ინსტრუქციების მიცემის უფლება არ აქვთ. ხელმძღვანელსა და მოადგილეს მთავრობა ნიშნავს ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით. ზედამხედველობს ფასიანი ქაღალდების ბაზარს, საინვესტიციო კომპანიებსა და ემიტენტებს.

ეს მოდელი საინტერესოა იმით, რომ ხელმძღვანელობის დანიშვნაში მთავრობა მონაწილეობს, თუმცა ორგანოს საქმიანობის დამოუკიდებლობა კანონით არის დაცული.

რას ზედამხედველობს?

საფონდო ბირჟებსა და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას; საინვესტიციო კომპანიებსა და საბროკერო ორგანიზაციებს; საინვესტიციო და საპენსიო ფონდების შესაბამის საქმიანობას; კომპანიებს, რომლებიც აქციებსა და ობლიგაციებს გამოსცემენ; ფინანსური ბაზრის მონაწილეთა საქმიანობას.

რატომ არის მნიშვნელოვანი ინვესტორისთვის?

იცავს ინვესტორს თაღლითობისა და მანიპულაციისგან; უზრუნველყოფს სანდო ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომას; აკონტროლებს საინვესტიციო კომპანიების კანონიერ საქმიანობას; ხელს უწყობს ინვესტორის უფლებების დაცვას.

მაგალითი: თუ საინვესტიციო კომპანიას მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს, CNMV-ს შეუძლია შეისწავლოს მისი საქმიანობა და შესაბამისი ზომები მიიღოს.

უფლებამოსილებები

ამოწმებს ბაზრის მონაწილეთა საქმიანობას; იკვლევს/იძიებს ფინანსურ დარღვევებსა და ბაზრის მანიპულაციას; შეუძლია დააჯარიმოს კანონდამრღვევი ორგანიზაციები;

კომპანიებისგან ითხოვს ფინანსურ და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას; გარკვეულ შემთხვევებში შეუძლია ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის შეჩერება.

ახალი მიმართულებები

CNMV თანამშრომლობს ევროპულ ფინანსურ მარეგულირებელ ორგანოებთან, განსაკუთრებით ESMA-სთან (ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ორგანო).

მისი ახალი მიმართულებებია:

MiCA – კრიპტოაქტივებისა და კრიპტობაზრის რეგულირება.
ESG – გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი სტანდარტების კონტროლი.
კიბერუსაფრთხოება (DORA) – ფინანსური ორგანიზაციების ციფრული უსაფრთხოების გაძლიერება.
ხელოვნური ინტელექტი (AI) – ფინანსურ ბაზრებზე ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ზედამხედველობა.
ციფრული ფინანსები – ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ფინანსური მომსახურების განვითარებაზე დაკვირვება.

CNMV-ის მთავარი დანიშნულებაა ესპანეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრის გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ინვესტორების დაცვა. ევროპულ დონეზე კი მისი საქმიანობა მიმართულია ფინანსური ბაზრების თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაციისკენ.

FSC – ბულგარეთის ფინანსური ზედამხედველობის კომისია

FSC (Financial Supervision Commission) არის ბულგარეთის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანო, რომელიც 2003 წელს შეიქმნა. ანგარიშვალდებულია ეროვნული ასამბლეის წინაშე. მისი მთავარი ფუნქციაა არასაბანკო ფინანსური სექტორის რეგულირება და მომხმარებელთა დაცვა. აქვს ნორმატიული აქტების მიღებისა და ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება. ეს მოდელი განსაკუთრებით საყურადღებოა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.

FSC მიზნები

ინვესტორების დაცვა - ინვესტორთა უფლებებისა და ინტერესების უზრუნველყოფა.
გამჭვირვალობა – ფინანსურ ბაზარზე სანდო ინფორმაციის უზრუნველყოფა.
სტაბილურობა – ფინანსური სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირება.
ნდობის გაძლიერება – ფინანსური მომსახურების მიმართ საზოგადოების ნდობის ზრდა.

რას ზედამხედველობს?

• ფასიანი ქაღალდების ბაზარსა და საფონდო ბირჟებს.
• სადაზღვევო კომპანიებს.
• საპენსიო ფონდებს.
• საინვესტიციო კომპანიებსა და შუამავლებს.
• ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარს.

უფლებამოსილებები

ლიცენზირება – გასცემს ან აუქმებს საქმიანობის ნებართვებს.
შემოწმება – აკონტროლებს ფინანსური ორგანიზაციების საქმიანობას.
გამოძიება – იკვლევს ფინანსურ დარღვევებს.
სანქციები – აკისრებს ჯარიმებს კანონდამრღვევებს.
რეგულირება – გამოსცემს წესებსა და ინსტრუქციებს ფინანსური ბაზრისთვის.

ადგილი ევროპულ სისტემაში

FSC მონაწილეობს ევროპის ფინანსური ზედამხედველობის სისტემაში (ESFS).

თანამშრომლობს შემდეგ ორგანოებთან:

ESMA – ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ევროპული ორგანო.
EIOPA – დაზღვევისა და საპენსიო ფონდების ევროპული ორგანო.
ESRB – ევროპის სისტემური რისკების საბჭო.
EBA – ევროპის საბანკო ორგანო.

FSC არის ESMA-სა და EIOPA-ს სრულუფლებიანი წევრი, ESRB-ში მონაწილეობს ხმის უფლების გარეშე, ხოლო EBA-სთან თანამშრომლობს.

ხელმძღვანელობა და მდებარეობა

ხელმძღვანელი: ვასილ გოლემანსკი (Vasil Golemanski).
თანამდებობაზე დაინიშნა: 2025 წლის 27 მარტს.
მდებარეობა: სოფია, ბუდაპეშტის ქუჩა №16, ბულგარეთი.
სტატუსი: დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის წინაშე.

ახალი მიმართულებები

MiCA – კრიპტოაქტივებისა და კრიპტობაზრის რეგულირება.
DORA – ფინანსური სექტორის ციფრული და კიბერუსაფრთხოება.
ESG – გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტები.
ციფრული ფინანსები – ახალი ტექნოლოგიებისა და ფინანსური ინოვაციების ზედამხედველობა.
ევროპული თანამშრომლობა – ფინანსური რეგულაციების საერთო ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა.

მოკლე დასკვნა: FSC-ის მთავარი მიზანია ბულგარეთის არასაბანკო ფინანსური სექტორის უსაფრთხოება, გამჭვირვალობა და ინვესტორებისა და მომხმარებლების დაცვა. ის ევროპულ ზედამხედველობით სისტემაში აქტიურად მონაწილეობს და ხელს უწყობს ბულგარეთის ფინანსური ბაზრის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას.

საფრანგეთი – AMF

AMF (Autorité des marchés financiers) არის საფრანგეთის დამოუკიდებელი საჯარო ორგანო, რომელიც 2003 წელს შეიქმნა. კოლეგიური მმართველობის საბჭო 16 წევრისგან შედგება. წევრებს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანო ნიშნავს. აქვს დამოუკიდებელი სანქცირების კომიტეტი, რომელიც 12 წევრისგან შედგება. თავად ამტკიცებს ბიუჯეტსა და ფინანსურ ანგარიშგებას.

ეს მოდელი განსაკუთრებით საინტერესოა მარეგულირებლის შიგნით გადაწყვეტილების მიღებისა და სანქცირების ფუნქციების გამიჯვნის თვალსაზრისით.

მიზნები

• ინვესტორების უფლებებისა და ფინანსური ინტერესების დაცვა;
• ფინანსური ინფორმაციის სიზუსტისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
• ფინანსური ბაზრების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
• ფინანსური ბაზრის მიმართ საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფა.

ამოცანები

- საფონდო ბირჟებისა და ფინანსური ბაზრების ზედამხედველობა.
- საინვესტიციო კომპანიებისა და შუამავლების კონტროლი.
- საინვესტიციო ფონდების საქმიანობის რეგულირება.
- საჯარო კომპანიების ფინანსური ინფორმაციის შემოწმება.
- ინვესტორების ინფორმირება და ფინანსური განათლების ხელშეწყობა.

უფლებამოსილებები

ლიცენზირება – ფინანსური ორგანიზაციებისა და გარკვეული საქმიანობების ავტორიზაცია.
კონტროლი – ფინანსური კომპანიებისა და ბაზრის მონაწილეების შემოწმება.
გამოძიება – ფინანსური თაღლითობისა და ბაზრის მანიპულაციის გამოვლენა.
სანქციები – დარღვევებისთვის ჯარიმებისა და სხვა სანქციების დაწესება.
რეგულირება – ფინანსური ბაზრის საქმიანობის წესების შემუშავება.
მედიაცია – ინვესტორებსა და ფინანსურ ორგანიზაციებს შორის დავების მოგვარებაში დახმარება.

თანამშრომლობა

AMF აქტიურად თანამშრომლობს ეროვნულ, ევროპულ და საერთაშორისო ფინანსურ ორგანოებთან.

ESMA – ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ორგანო.
IOSCO – ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაცია.
FSB – ფინანსური სტაბილურობის საბჭო.
ACPR – საფრანგეთის საბანკო და სადაზღვევო ზედამხედველობის ორგანო.
ევროკავშირის სხვა ქვეყნების ფინანსურ მარეგულირებლებთან.

თანამშრომლობის მიზანია ფინანსური ბაზრების საერთო სტანდარტების ჩამოყალიბება, ინფორმაციის გაცვლა და ინვესტორთა დაცვა.

ახალი მიმართულებები

MiCA – კრიპტოაქტივების რეგულირება.
DORA – ფინანსური სექტორის ციფრული უსაფრთხოება.
ESG – მდგრადი ინვესტიციებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების კონტროლი.
ციფრული ფინანსები – ფინანსურ სექტორში ახალი ტექნოლოგიების ზედამხედველობა.
AI – ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება.

მოკლე დასკვნა: AMF-ის მთავარი მიზანია საფრანგეთის ფინანსური ბაზრის გამჭვირვალობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ინვესტორების დაცვა და ფინანსური საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სკანდინავიის ქვეყნებში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის ფუნქციას, ძირითადად, სპეციალიზებული დამოუკიდებელი ფინანსური ზედამხედველობის ორგანოები ახორციელებენ და არა ცენტრალური ბანკები.

მნიშვნელოვანი სამართლებრივი შენიშვნა: დამოუკიდებელი მარეგულირებლის არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის მთავრობისგან ან პარლამენტისგან სრულად დამოუკიდებელია ყველა მიმართულებით. ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს გადაწყვეტილებების მიღების დამოუკიდებლობა, ხელმძღვანელობის დანიშვნის წესი, ფინანსური ავტონომია და ანგარიშვალდებულება.

საქართველოსთვის კონცეფციის შემუშავებისას სწორედ ამ ოთხი კომპონენტის ცალ-ცალკე განსაზღვრა იქნება მნიშვნელოვანი.

რომელი ფინანსური ზედამხედველობის მოდელი იქნება საინტერესო საქართველოსთვის?

საქართველოს მოქმედი სისტემით ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებასა და ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს. ეს მოიცავს ბაზრის მონაწილეთა ლიცენზირებას, საქმიანობის ზედამხედველობასა და ინვესტორთა ინტერესების დაცვას.

საქართველოსთვის საინტერესო იქნება არა რომელიმე ერთი ქვეყნის მოდელის პირდაპირ გადმოტანა, არამედ AMF-ის, FSC-ისა და CNMV-ის საუკეთესო პრაქტიკის გაერთიანება და ქართულ რეალობაზე მორგება.

საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო და ფინანსური ჰაბის განვითარებისთვის, საჭიროა ისეთი ზედამხედველობის სისტემა, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს ინვესტორთა დაცვას, საერთაშორისო ნდობასა და ფინანსურ ინოვაციებს.

საქართველოსთვის შემოთავაზებული მოდელი

ჰიბრიდული, ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული ფინანსური ზედამხედველობის მოდელი.

ეს გულისხმობს სამი მოდელის საუკეთესო პრაქტიკის გაერთიანებას:

AMF-ისგან (საფრანგ.) – ინვესტორთა დაცვა და ეფექტიანი სანქციები.
FSC-ისგან (ბულგარ.) – ფინანსური სექტორის სხვადასხვა მიმართულების კოორდინირებული ზედამხედველობა.
CNMV-ისგან (ესპანეთი) – ფასიანი ქაღალდების ბაზრის გამჭვირვალობა და სპეციალიზებული კონტროლი.

რა მიმართულებები უნდა განავითაროს საქართველომ?

საერთაშორისო ინვესტიციები – უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის სანდო და გამჭვირვალე გარემოს შექმნა.
კაპიტალის ბაზარი – ობლიგაციების, აქციებისა და საინვესტიციო ფონდების განვითარება.
ციფრული ფინანსები – FinTech-ისა და ახალი ფინანსური ტექნოლოგიების რეგულირება.
ტრანსსასაზღვრო ზედამხედველობა – უცხოურ მარეგულირებლებთან ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობა.
ინვესტორთა დაცვა – თაღლითობის, ფინანსური მანიპულაციისა და უკანონო საქმიანობის პრევენცია.
საერთაშორისო სტანდარტები – ევროკავშირის რეგულაციებთან და IOSCO-ს პრინციპებთან ეტაპობრივი დაახლოება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?

საქართველო მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის და ვითარდება შუა დერეფნის სატრანზიტო მიმართულებით. შესაბამისად, მხოლოდ ტვირთებისა და სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილება არ არის საკმარისი — მნიშვნელოვანია ფინანსური ნაკადების, საერთაშორისო ინვესტიციებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაც.

ზურაბ მაღრაძე, DBA


წყაროები:
CNMV – cnmv.es
FSC – fsc.bg
AMF – amf-france.org
სებ – nbg.gov.ge
ESMA – esma.europa.eu