pylonology

კარიბჭეთმცოდნეობა ● უცხოელ მოგზაურთა თვალით დანახული საქართველო

2026-10-14

საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ იგი საუკუნეების განმავლობაში აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ სავაჭრო და კულტურულ კარიბჭედ აქცია. უცხოელ მოგზაურთა, გეოგრაფთა და ისტორიკოსთა ცნობები წარმოაჩენს საქართველოს სავაჭრო გზებს, აბრეშუმის წარმოებას, ქალაქების ეკონომიკურ როლსა და საერთაშორისო კავშირებს. ეს ისტორიული გამონათქვამები საქართველოს, როგორც სხვადასხვა ცივილიზაციის შეხვედრის სივრცის, მნიშვნელობას გვიჩვენებს.

ანტიკური ხანა — უძველესი სავაჭრო გზები

სტრაბონი — ძველი ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი

„იბერიაში ოთხი გადასასვლელი იყო: ერთი — სარაპანის, კოლხური ციხესიმაგრის, გავლით; მეორე — ჩრდილოეთიდან, არაგვის ვიწრო ხეობით; მესამე — ალბანეთიდან, კლდეებში გაჭრილი გზით და ალაზნის მდინარის გავლით; ხოლო მეოთხე — სომხეთის მხრიდან, კიროსისა და არაგვის ვიწრო ხეობებით.

ფაზისზე მდებარეობს ამავე სახელწოდების ქალაქი, კოლხთა სავაჭრო ცენტრი. მასზე ნაოსნობა სარაპანამდეა შესაძლებელი.“

პლინიუს უფროსი (23–79) — რომაელი მეცნიერი და მწერალი

„ინდოეთის საქონელი კასპიის ზღვის გავლით მდინარე კიროსამდე (მტკვრამდე) მიაქვთ, იქიდან კი ხმელეთით ფაზისამდე ხუთ დღეში შეიძლება გადაიტანონ.“

შუა საუკუნეები — ცხუმი და აბრეშუმის ვაჭრობა

„სოხუმში XIII–XV საუკუნეშიც, გენუელთა საკონსულოს პერიოდში, მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. დადიანი აქ ჭრიდა ადგილობრივ ფულს — ცხუმურ თეთრს, რომელსაც გენუელი ვაჭრებიც იყენებდნენ.“

წყაროები: გენუელთა სავაჭრო ფაქტორია ცხუმში · თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ნუმიზმატიკის კატალოგი — ვამეყის მონეტა.

ალ-იდრისი (1100–1165) — არაბი გეოგრაფი და მსოფლიო რუკის ავტორი

„ბაბ ალ-აბვაბიდან (დერბენდიდან) თბილისამდე ხარობდა მთელ დედამიწაზე საუკეთესო ენდრო, რომელსაც აგროვებდნენ და აქედან გაჰქონდათ გურგანში, საიდანაც მას ინდოეთშიც მიეზიდებოდნენ“.

XVII საუკუნე — თბილისი და საერთაშორისო სავაჭრო ქსელები

ოლფერტ დაფერი (1636–1689) — ჰოლანდიელი ექიმი, გეოგრაფი და ისტორიკოსი

„უმოკლესი გზა კონსტანტინოპოლზე გადიოდა; ქარავნები ამ მარშრუტით აღმოსავლეთ ევროპიდან სახმელეთო გზით კონსტანტინოპოლში მიდიოდნენ, შემდეგ ბოსფორს კვეთდნენ და ტრაპიზონის გავლით საქართველოში მიემართებოდნენ.“

იან იანსზონ სტრაუსი — ჰოლანდიელი მოგზაური და მეზღვაური, „მოგზაურობანი“ (1676)

„ვაჭრები ევროპიდან და აზიიდან, განსაკუთრებით ინდოეთიდან, სპარსეთიდან, ჰოლანდიიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან, სავაჭროდ მიდიოდნენ შამახში, ბაქოში, გილანში, არდებილში, თბილისში და ისპაჰანში.“

არქანჯელო ლამბერტი — იტალიელი კათოლიკე მისიონერი

„თბილისი სავაჭრო ქალაქია. აქ ჩამოდიან სპარსელები, სომხები. ჩამოაქვთ დიდძალი აბრეშუმი და ოქრო. აქედან ეს საქონელი მთელ საქართველოში ვრცელდება.“

ჟან შარდენი (1643–1713) — ფრანგი მოგზაური

„ქალაქი თბილისი მჭიდროდ არის დასახლებული. მსოფლიოში ვერსად ნახავთ სხვადასხვა ეროვნების ამდენ უცხოელს. ისინი საბითუმო ვაჭრობას ეწევიან.“

პიერ დ’არნული — საფრანგეთის სამეფო მოხელე, მარსელის გალერებისა და ვაჭრობის ინტენდანტი

„გილანისა და შამახის აბრეშუმი საქართველოს გავლით უნდა გაეტანათ... სომეხ ვაჭრებს ეს აბრეშუმი ქარავნებით, სახმელეთო გზით, თურქეთის გავლით შავ ზღვამდე, შემდეგ კი სმირნამდე მიჰქონდათ. საქართველოს გავლით ეს გზა სამი მეოთხედით შემოკლდებოდა.“

ენგელბერტ კემპფერი — გერმანელი ექიმი, ნატურალისტი, მოგზაური და მწერალი

„ქართველები ისპაჰანის ყველაზე აქტიურ მოვაჭრეთა შორის იყვნენ.“

ევლია ჩელები (1611–1683) — ოსმალო მოგზაური და მწერალი

„XVII საუკუნის საქართველოში არსებობდა ერთმანეთთან დაკავშირებული სახმელეთო და საზღვაო სავაჭრო გზები, რომელთა მნიშვნელოვანი კვანძები იყო თბილისი, კახეთი, ახალციხე და დასავლეთ საქართველოს შავი ზღვისპირეთი; ეს გზები საქართველოს აკავშირებდა ანატოლიის, ირანის, შირვანის, ჩრდილოეთ კავკასიისა და შავი ზღვის სავაჭრო სივრცეებთან.“

XIX საუკუნე — საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობა

ედუარდ აიხვალდი — გერმანელი მეცნიერი და მოგზაური, 1826 წელი

„...მალე ჩვენ მივაღწიეთ მტკვარზე გადებულ მშვენიერ ხიდამდე მცხეთასთან, იბერიის ძველ დედაქალაქთან, საითკენაც ბერძნულ ხანაში დიდი სავაჭრო გზა მოდიოდა...“

ქსავიე ომერ დე ჰელი (1830) — ფრანგი ინჟინერი და მოგზაური

„რედუტ-კალეში შემოსული საქონელი თბილისსა და ერევანზე გადიოდა და შემდეგ თურქეთს, სომხეთსა და სპარსეთში ნაწილდებოდა.“

რედუტ-კალე — ისტორიული ნავსადგური შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე, სამეგრელოში, თანამედროვე ყულევის მიდამოებში.

მარჯორი უორდროპი (1894) — ინგლისელი ქართველოლოგი

„საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მოქცეული ქვეყნისა, მას ხიდად აქცევს, რომელზეც იდეებისა და საქონლის დიდი ნაწილი უნდა გადაადგილდეს.“

კულტურული კარიბჭე — აღმოსავლეთისა და დასავლეთის სინთეზი

ზვიად გამსახურდია — საქართველოს პირველი პრეზიდენტი

„ქართული კულტურისა და საქართველოს მისსია კულტურული თვალსაზრისით არის სინთეზირება დასავლური და აღმოსავლური კულტურებისა და მათი მოცემა ერთ მთლიანობაში. ამიტომ არის, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ისევე შეგვიძლია ჩავთვალოთ დასავლური ლიტერატურის კუთვნილებად, როგორც აღმოსავლურის. აქ გაყოფა და გათიშვა შეუძლებელია.“

დასკვნა

ანტიკური ხანიდან XIX საუკუნემდე საქართველო წარმოჩნდება სავაჭრო გზების, აბრეშუმის წარმოების, საზღვაო ნავსადგურებისა და მრავალეროვნული ქალაქების მნიშვნელოვან სივრცედ. ფაზისიდან ცხუმამდე, თბილისიდან ისპაჰანამდე მიმავალი სავაჭრო კავშირები ქვეყნის საერთაშორისო მნიშვნელობას წარმოაჩენს.

კარიბჭეთმცოდნეობა საქართველოს ამ ისტორიული ფუნქციის შესწავლას ემსახურება — იმის გააზრებას, თუ როგორ აკავშირებდა ქვეყანა სხვადასხვა სამყაროს და როგორ იქცა მისი გეოგრაფიული მდებარეობა ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების საფუძვლად.

ზურაბ მაღრაძე, DBA