pylonology

ძველი იმპერიული წესრიგი სრულდება — საქართველოს ევროპული არჩევანის დროა

2026-11-07

"იალტა 2", რომელზეც ასე ოცნებობს კრემლის "პახანი", არ იქნება!

უკვე 2011 წლიდან მკაფიოდ გამოიკვეთა ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები: სამყარო აღარ უნდა იყოს ერთპოლუსიანი, ორპოლუსიანი ან თუნდაც სამპოლუსიანი. მომავლის მოდელი მრავალპოლუსიანი მსოფლიოა, სადაც დიდი სახელმწიფოების დიქტატს ადგილი აღარ ექნება.

სწორედ ეს არის ლიბერალური გლობალიზაციის ერთ-ერთი მთავარი არსი. ეს არის ახალი გლობალური წესრიგის ხედვა, რომელიც ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკურ და დიპლომატიურ დღის წესრიგში 2010 წლიდან განსაკუთრებული მნიშვნელობით დამკვიდრდა.

ეს ხედვა არ ჩამოყალიბებულა ერთ დღეში. მას წინ უძღოდა ორწლიანი დიპლომატიური პროცესი, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ გააქტიურდა და რომლის მიზანიც საერთაშორისო ურთიერთობების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბება იყო.

ამ პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოხატულებად იქცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროპულ სივრცესთან დაახლოებას ახალი პოლიტიკური იმპულსი მისცა. ეს იყო აღმოსავლეთ ევროპის საბოლოო გათავისუფლებისა და ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

გავიხსენოთ ისიც, ვინ იდგა საქართველოს გვერდით 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში: ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერები. ეს არ იყო მხოლოდ სოლიდარობის ჟესტი — ეს იყო პოლიტიკური გზავნილი რუსეთის იმპერიული ამბიციების წინააღმდეგ.

ამ გეოპოლიტიკურ რეალობაში რუსეთის ფედერაციას, როგორც იმპერიული გავლენის სფეროების შენარჩუნებაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს, სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება.

აბრეშუმის გზის აღდგენისა და ახალი სატრანზიტო სივრცის ჩამოყალიბების პროცესი თანდათან რეალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ შინაარსს იძენს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრექსიტის შემდგომი ევროპული გადალაგება და აღმოსავლეთ-დასავლეთის ახალი კავშირების განვითარება.

2015 წლიდან საქართველომაც მნიშვნელოვნად გააღრმავა ნატოსთან თანამშრომლობა და უსაფრთხოების სფეროში ალიანსის მხარდაჭერა მიიღო.

სწორედ ამ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს უკავშირდება მოსკოვის აგრესია უკრაინაში. კრემლს ყირიმის, უკრაინის შავი ზღვისპირეთისა და კავკასიის შენარჩუნება სჭირდება, რადგან ეს ტერიტორიები რუსეთის იმპერიული გეოპოლიტიკური გავლენის უმნიშვნელოვანესი საყრდენებია.

ამ სივრცეების დაკარგვის შემთხვევაში რუსეთის იმპერიული პროექტი ვეღარ შეინარჩუნებს იმ მასშტაბსა და გავლენას, რომელზეც კრემლი ოცნებობს.

ამიტომაც არ დგას საკითხი, რა იქნება. საკითხავია — როდის?

და ამ კითხვაზეც უკვე ჩნდება პასუხები.

რესპუბლიკელების პოლიტიკური მარცხი კონგრესში, თუ ის რეალობად იქცა, შესაძლოა იმპერიული პროექტის დასასრულის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიშნად იქცეს.

ოღონდ ნუ დამიწყებთ, რესპუბლიკური პარტია სხვანაირიაო, ყველაფერი მხოლოდ ტრამპის ბრალიაო.

მოსკოვთან მიმართებით რესპუბლიკური ადმინისტრაციების პოლიტიკას გაცილებით ხანგრძლივი ისტორია აქვს.

ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუშის ადმინისტრაციამ მოსკოვს დსთ-ის სივრცეში გავლენის შენარჩუნების შესაძლებლობა დაუტოვა — სივრცეში, სადაც შემდგომში საქართველოც სისხლითა და ომით ჩაგვითრიეს.

მისმა შვილმა, ჯორჯ ბუშმა, ერაყის ომით შექმნილი გეოპოლიტიკური გარემოს შედეგად მოსკოვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობა მისცა, რამაც რუსეთის გაძლიერებასაც შეუწყო ხელი.

ამიტომ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკისგან მოწყვეტილი შემთხვევითი მოვლენა არ არის. ის ამ პოლიტიკური ტრადიციის გაგრძელებაა, ოღონდ გაცილებით უხეში და დაუფარავი ფორმით. ტრამპმა ვეღარც კი შეძლო მოსკოვის მიმართ მფარველობის პოლიტიკის შენიღბვა და რესპუბლიკური პარტიის საგარეო პოლიტიკური კურსის წინააღმდეგობები სრულიად გამოაჩინა.

ახლა კი საქართველოს დავუბრუნდეთ.

ცხრა დათქმის შესრულება სწორედ ქართულ პოლიტიკურ კლასს ევალება — იმ პოლიტიკურ კლასს, რომელსაც 35 წლის განმავლობაში რესპუბლიკური წრეები მფარველობდნენ და მხარს უჭერდნენ.

ჰოდა, ქართულ პოლიტიკურ კლასს მინდა ვუთხრა:

აღარ გყავთ პატრონი!

ვეღარც ტრამპი გიშველით, ვერც ნეთანიაჰუ და მით უმეტეს — ვერც პუტინი.

ჩვენი სახლია ევროპა. ჩვენი მომავალი ევროპულ კანონებში, ევროპულ ინსტიტუტებსა და დემოკრატიულ ღირებულებებშია.

მიიღეთ ევროპული კანონები და შეასრულეთ ის ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს.

ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, როგორმე გაამართლოთ პოლიტიკოსის სტატუსი, შეინარჩუნოთ საზოგადოების ნდობა და ქვეყანას ევროპაში ცხოვრების რეალური პერსპექტივა შეუნარჩუნოთ.

ეს შანსი უსასრულო არ არის.

თეიმურაზ ზაქრაძე
ჰარმონიული გლობალიზაციის და მართვის ინსტიტუტის დამფუძნებელი