silk-road

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ინსტიტუციური მექანიზმები

2026-04-07

ლევან ლომსაძე, შპს “GEORAIL-consulting”-ის დამფუძნებელი და დირექტორი. სარკინიგზო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი

შუა დერეფნის კონკურენტულ მიმართულებად ფორმირების პროცესში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო TITR მარშრუტის საკოორდინაციო კომიტეტი მნიშვნელოვან ინსტიტუციურ მექანიზმს წარმოადგენს. რომლის საქმიანობის კონკრეტული შედეგები შუა დერეფნით გადაზიდვების მზარდ მაჩვენებლებში აიასახება.

შუა დერეფნით სატვირთო ნაკადების გაზრდის მიზნით, 2014 წელს, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის Trans-Caspian International Transport Route (TITR) განვითარების საკოორდინაციო კომიტეტი შეიქმნა.

თავიდანვე TITR ის საკოორდინაციო კომიტეტი, შუა დერეფნის განვითარების ინსტიტუციური მექანიზმებით იქნა აღჭურვილი, მოგვიანებით ახლად  შექმნილმა ორგანიზაციამ სხვადასხვა მიმართულებებით დაიწყო ფუნქციონირება, მათ შორის გამოიკვეთა: დამატებითი ტვირთების მოზიდვის, შეთანხმებული სატრანსპორტო და სატარიფო პოლიტიკის ფორმირების, ალტერნატიული დერეფნების მიმართ კონკურენტუნარიანობის ამაღლების ღონისძიებების დადგენის, დერეფნის მონაწილე ქვეყნების საზღვრებზე და რკინიგზების შეპირაპირების წერტილებში ადმინისტრაციული ბარიერების შერბილების ღონისძიებების შემუშავებით. 

სადღეისოდ TITR-ის საკოორდინაციო კომიტეტში სხვადასხვა ქვეყნების კომერციული და არაკომერციული - 8 მუდმივი და 19 ასოცირებული წევრებია გაერთიანებული.

2017 წლიდან დაწყებული TITR-ის ფუნქციონირების პერიოდში, გადაზიდვების მაჩვენებლები გეგმაზომიერად იზრდება, ტვირთბრუნვის ზრდა 2021 წლიდან ყოველწლიურად მატულობს და 2025 წელს მაქსიმუმს - 1.9 მლნ ტონას მიაღწია. 

2024 და 2025 წლის გადაზიდვების მაჩვენებლების შედარებისას, საგრძნობი წინსვლა არ აღინიშნება, რაც შუა დერეფნით ინსტიტუციონალური მექანიზმების გააქტიურების აუცილებლობაზე მიუთითეებს.

რაც შეეხება საკონტეინერო ტვირთებს, რომლებიც დერეფნისთვის ფინანსურად ყველაზე მომგებიანი მიმართულებაა, შეინიშნება მნიშვნელოავნი წინსვლა, კერძოდ 2025 წელს მაქსიმუმს - 76 900 TEU-ს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 36%-იან ზრდას წარმოადგენს.

2023 წელს - თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გაძლიერების, კერძოდ ჩინეთს, ევროპასა და თურქეთს შორის გადაზიდვების სტიმულირების მიზნით, საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა ერთობლივი საწარმოს - Middle Corridor Multimodal-ის შექმნას, რამაც დასაბამი მისცა დერეფნის განვითარების ახალ ტენდენციას.

ერთობლივი კომპანიის მიზანს შუა დერეფანში საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენდა. კონკრეტულად კი, პარტნიორი ქვეყნების რკინიგზების აქტიური ჩართულობით, შუა დერეფნით ბლოკმატარებლების რაოდენობის გაზრდა და ტვირთმფლობელებისთვის „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება უნდა განხორციელებულიყო.

2024 წელს - ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის TITR-ის ასოციაციამ შუა დერეფნის ყაზახეთის ორ მონაკვეთზე საკონტეინერო გადაზიდვის ტარიფები განსაზღვრა.

დოსტიკი (ყაზახეთ-ჩინეთის საზღვარი) - აქტაუს მარშრუტზე 20-ფუტიანი კონტეინერის ტარიფი 0.31 აშშ დოლარით კონტეინერ-კილომეტრზე, ფიქსირებულად განისაზღვრა, ხოლო აქტაუ-დოსტიკის მიმართულებით - 0.16 აშშ დოლარით კონტეინერ-კილომეტრზე.

კონკრეტულ მარშრუტზე ერთიანი “გამჭოლი” ტარიფის დაწესება, შუა დერეფნისათვის უდაოდ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის ხაზის მოდერნიზაციის პერიოდში დროებით დახურვის გამო, 2023 წლიდან, თურქეთიდან / თურქეთისკენ კონტეინერების გადაზიდვის მომსახურების გაგრძელების მიზნით, შავ ზღვაზე 2024 წელს TITR-ის   ასოციაციამ ფიდერულ გემზე, ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებიდან - სამსუნის ნავსადგურის გავლით - კარასუს (თურქეთი) ნავსადგურამდე ახალი ტარიფები დაამტკიცა.

2025 წელი - ჩინეთის რკინიგზა შვილობილი კომპანიის CRCT (China Railway Container Transport Company) მეშვეობით ერთობლივ საწარმოს Middle Corridor Multimodal-ს შეუერთდა.

ერთობლივი საწარმოში ჩინეთის ოპერატორის დამატებამ, ავტომატიურად შუა დერეფნის მარშრუტის დაგრძელებას და ჩინეთის ტვირთნაკადების მოზიდვას შეუწყო ხელი. ეს ყოველივე დადებითად აისახა ჩინეთიდან შუა დერეფნით ბლოკ მატარებლების ფორმირებაზე. 2025 წელს შუა დერეფნით დაფიქსირდა სარეკორდო - 392 ბლოკ მატარებლის გატარების მაჩვენებელი. 

2026 წელს - ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო TITR მარშრუტით დამატებითი სატვირთო გადაზიდვების მოსაზიდად და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, მარშრუტის მონაწილეები აღმოსავლეთის მიმართულებით ტრანსპორტირების სატარიფო პირობებზე შეთანხმდნენ.

ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებიდან ყაზახეთისა და ჩინეთის მიმართულებებით საკონტეინერო გადაზიდვებზე მონაწილე კომპანიებმა 50%-იან ფასდაკლებას მიიღეს.

თურქეთიდან ყაზახეთის, ჩინეთის და ყაზახეთის გავლით ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით, მონაწილე კომპანიები 33%-იან ფასდაკლებაზე შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან და თურქეთიდან აღმოასავლეთის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვებზე დაწესებული სატარიფო ფასდაკლებები, მნიშვნელოვანია “რევერსული” ტვირთების გაზრდის თვალსაზრისით, რადგანაც შუა დერეფნის ერთ - ერთ “ვიწრო” ადგილს ევროპიდან - ცენტრალური აზიის მიმართულებით საკონტეინერო ტვირთების ნაკლებობა და დისბალანსი წარმოადგენს.

სრულად იხილეთ: transcor.ge